ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში შერჩეული პრიორიტეტული ტექნოლოგიებისთვის მომზადებული სამოქმედო გეგმის განხილვა
სამუშაო შეხვედრა
2023 წლის 22 მარტს სასტუმრო ბილტმორში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში შერჩეული პრიორიტეტული ტექნოლოგიებისთვის მომზადებული სამოქმედო გეგმის განხილვას მიეძღვნა.
შეხვედრა ჩატარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისიას“ორგანიზებით, “საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასებისა და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადების/TNA”-ის პროექტის ფარგლებში, რომელსაც კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) აფინანსებს.
პროექტის ხელმძღვანელმა- ანა სიხარულიძემ მიმოიხილა პროექტის განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები და მიზნები. განიხილა პრიორიტეტული სექტორები და ამ სექტორებში შერჩეული კლიმატ-ტექნოლოგიების გრძელი სია, რომელიც პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირდა.
„რემისიას“ ექსპერტებმა წარადგინეს სამოქმედო გეგმების პრეზენტაციები შემდეგ მიმართულებებზე: საქართველოში ტრანსპორტის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების გავრცელება, საქართველოში ბიოსაწვავის წარმოების გაზრდა და ენერგიის გენერაციისა და მიწოდების სექტორის ტექნოლოგიები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების მიზნები, მათ წინაშე მდგარი ბარიერები და მათი მოშლის ღონისძიებები. ასევე, ხაზი გაესვა, ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებისა და მარეგულირებელი ბაზის გაძლიერებას, წამახალისებელი პოლიტიკის განვითარებას სექტორების მხარდასაჭერად, დაინტერესებულ მხარეებს შორის როლების განაწილებასა და ინსტიტუციონალიზაციას და ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე პირების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ორგანიზებას.