top of page

სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისიას“ ორგანიზებით, 2022 წლის 28 მარტს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვას მიეძღვნა.

შეხვედრა საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასებისა და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადების/TNA-ის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) აფინანსებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრადი განვითარების გრძელვადიანი მიზნებისა და ვალდებულებების განხორციელებას, მწვანე ბიზნესის ზრდის წახალისებას, სათბურის გაზების ემისიების შემცირებას და ქვეყნის ეკონომიკის, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 სამუშაო შეხვედრის ჩატარება და კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების განხილვა იმ ოთხ სექტორში, რომლებიც ექსპერტების მიერ შეირჩა მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდით. შეხვედრები ჩატარდება 28-31 მარტის პერიოდში შერჩეული სექტორების (სოფლის მეურნეობა, შენობები, ტრანსპორტი და ენერგეტიკა) წარმომადგენელი დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

სოფლის მეურნეობის სექტორში საჭირო კლიმატ ტექნოლოგიების განხილვის შეხვედრაზე (28.03.2022) რემისიის წარმომადგენელმა, ანუკი ტყეშელაშვილმა, მიმოიხილა პროექტის მიზნები, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელიც პროექტის განხორციელების შედეგად უნდა იქნეს მიღებული.

რემისიამ გააკეთა პრეზენტაცია კლიმატის მწვანე ფონდის შესახებაც. პრეზენტაციაში განხილული იყო კლიმატის მწვანე ფონდის პროექტების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები, პროექტების განხორციელების ფინანსური მექანიზმები და ბიზნეს მოდელები, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში ფონდის მიერ დამტკიცებული პროექტების მაგალითები და მათი რისკების შეფასება.

„რემისიას“ ექსპერტმა სოფლის მეურნეობის სექტორში, მედეა ინაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სექტორის კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებები გააცნო. მან საფუძვლიანად მიმოიხილა სოფლის მეურნეობის სექტორის ძირითადი მახასიათებლები კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში. ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან სექტორის ადაპტაციის საჭიროებასაც და მიმოიხილა კლიმატ-ტექნოლოგიები როგორც ემისიის შემცირების, ისე ადაპტაციისათვის.

 შეხვედრაში მონაწილე დაინტერესებულმა მხარეებმა (სამინისტროების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ფერმერთა ასოციაციების, არასამთავრობოების, ბანკების და ფონდების წარმომადგენლებმა) შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, რომელიც მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის საჭირო კლიმატ-ტექნოლოგიების იდენტიფიცირებას, ამავე კლიმატ-ტექნოლოგიების გავრცელების წინაშე მდგარი ბარიერების აღმოფხვრის გზების განხილვასა და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შერჩევის კრიტერიუმების განხილვას. შეხვედრის შედეგად შედგა კლიმატ -ტექნოლოგიების წინასწარი ნუსხა, რომელიც შემდეგ ეტაპზე დეტალურად იქნება განხილული და შეფასებული მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდით.

4.jpg
1.jpg
bottom of page